დათვი და მელა
რთი ცბიერი მელა გარბოდა და გაჰკიოდა:
- არიქა, ქვეყანა იქცევა!
შემოხვდა დათვი და თან გაიყოლა. მალე მათ მშიერი მგელი შემოეყარათ.
- სად მიეშურებით? - იკითხა მან.
- ცა და ქვეყანა იქცევა და იქნება დავიმალოთო!
- მიამხანაგეთო!
წაიყოლიეს მგელიც. შემორფეთათ ირემი. იმასაც ასე უთხრეს და ისიც თან წაიყოლეს. გზადაგზა აედევნენ: ჯიხვი, არჩვი, ჯეირანი და კურდღელი. წინ მელა მიუძღოდათ, ვითომც დიდი მზრუნველი და ამხანაგების გადამრჩენი ყოფილიყო.
შეიხიზნენ ერთ გამოქვაბულში და დაიწყეს ერთად ცხოვრება უბედურების მოლოდინში.
- მოდი, ერთი სოფლობა ვქნათ, - მიმართა მელამ ამხანაგებს, - მე ბატონი, დათვი ბატონი, მგელი ბატონი, ირემი ბატონი, ჯიხვი ბატონი, არჩვი ბატონი, კურდღელი რას გვიკეთებს? ერთი ვიკითხოთ! - ეძგერნენ და ლუკმა-ლუკმა გაინაწილეს. ქონი ქვევრში შეინახეს. მეორე დილას მეთაური მელა კიდევ ბჭობს:
მე ბატონი, დათვი ბატონი, მგელი ბატონი, ირემი ბატონი, ჯიხვი ბატონი, არჩვი ბატონი, ჯეირანი რას გვიკეთებს? ერთი ვიკითხოთ! - ეძგერნენ და ლუკმა-ლუკმად აქციეს საცოდავი ჯეირანი. ქონი ქვევრში შეინახეს. მიჰყვნენ ასე ამნაირად და დარჩნენ მარტომ
დათვი და მელა. ქვევრში ბევრი ქონი დაუგროვდათ. მოშივდა მელიას. რა ქნას ახლა? შეინავარდა მახლობელ გორაზე. ვერაფერი იშოვა და შინ დაბრუნდა.
- ამ გორის იქით ნათლობაში დამპატიჟეს და რა ვქნაო? - მიმართა დათვს.
- წადი, ოღონდ ცოტა რამე მეც მარგე, ცოდვა ვარ, სასუსნავი წამომიღეო!
წავიდა მელა. გაეცალა დათვს, ჩუმად მოხადა თავი ქვევრს და ქონის ზედა ნაწილი შეჭამა. დაბრუნებისას დათვი შეეკითხა:
- რა დაარქვი ნათლულსაო?
- თავმოფხოჭვილა! საჭმელი ვერა წამოგიღე რა, მალე გაათავესო.
მეორე დღესაც ასევე მოიქცა ეშმაკი მელა, ვითომ სხვა ბავშვის მოსანათლად წავიდა. ქონი შუაგულამდის დაიყვანა. რომ დაბრუნდა, დათვის შეეკითხა:
- რა დაარქვი მეორე ნათლულსაო?
- შუაგულაო!
მესამე დღესაც ისევე ქვევრისაკენ გაცუნცულდა მელა. დათვს კი უთხრა: - ნათლობაში მიწვევენო! - ბოლომდის დაიყვანა ქონი ამ უკანასკნელად. ქვევრს ძირი ბეჯითად ამოუწმინდა, რომ დაბრუნდა, დათვმა ჰკითხა:
- რა დაარქვი მესამე ნათლულსაო?
- ბოლომოწმენდილაო!
ამის შემდეგ ჩავარდა საგონებელში მშიერი მელა, გათავდა ყველაფერი, რა ხერხი მოიგონოს? ცარიელი კუჭი რიღათი ამოივსოს? საწყალი დათვი ძლივს დაბაჯბაჯებდა, ისე შიოდა, სიკვდილის პირზე იყო მისული.
- მართლა, ჩვენ რომ ქვევრში ქონი შევინახეთ, რად არ მივაკითხავთ? - წარმოთქვა გაიძვერა მელამ, თითქოს ახლა გაახსენდა. მივიდნენ ქვევრთან. მელამ მოხადა ქვევრს დიდი მზრუნველობით და ფაციფუცით.
- დააჭყიტე თვალები, დათუნა, რა სიმდიდრე გვაქვს! - დააჭყიტა თვალები გულუბრყვილო დათვმა. თურმე მელას ნაცრით აევსო ქვევრი. შეუბერა სული ნაცარს და ისეთი კორიანტელი დადგა, დათვს თვალები ნაცრით გაევსო და დაბრმავდა.
ბოლოს ერთ მაღალ კლდეზე მიიტყუა მელამ იგი და საბრალო ბრმა დათვი გადაიჩეხა ხევხუვებში! ჩაცუნცულდა მერე ხევში მსუნაგი მელა, მიცუნცულდა და ხარბად გაჰკრა კბილი მწარედ მოტყუებულ დათვს.