ჯადოსნური ფანქარი
ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა.
იმ დროს ჩემს მეზობლად ცხოვრობდა ერთი პატარა ბიჭი, სახელად ვახუშტი ერქვა. როგორც ყველა ბავშვს ვახუშტისაც უყვარდა ფეხბურთის თამაში, უყვარდა წიგნების კითხვა, უყვარდა გზებისა და გვირაბების გაყვანა ქვიშაში. მაგრამ ყველაფერზე მეტად მას მაინც ხატვა უყვარდა. დღე და ღამე შეეძლო ეხატა გემები და თვითმფრინავები, ფეხბურთელები და მოფარიკავეები.
- ჩემი ვახუშტისაგან კარგი მხატვარი დადგებაო, - იტყოდა ხოლმე მისი მამა, როდესაც შვილის ნახატებს თვალს გადაავლებდა.
მამა მუდამ ზრუნავდა, რომ პატარა მხატვარს ფანქრები და ქაღალდი არ მოკლებოდა.
და ვახუშტიც სულ ხატავდა და ხატავდა.
ერთხელ მამამ ვახუშტის გასაოცარი ფანქარი აჩუქა. როდესაც ვახუშტიმ ფანქარს წვერი წაუთალა და ხატვა დაიწყო, სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ფანქარი ჯადოსნური იყო. დააპირა თუ არა ვახუშტიმ ზღვის დახატვა, ფანქარიც მაშინვე გალურჯდა, დროშის დახატვას მიჰყო ხელი და ფანქარი გაწითლდა, მერე ბოლის დახატვა გადაწყვიტა და ფანქარიც სასწრაფოდ გაშავდა, თოვლიანი მთების ხატვისას კი ფანქარი გათეთრდა...
ვახუშტიმ თვალები მოიფშვნიტა, ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ, არა! თვალები არ ატყუებდნენ ვახუშტის: ნახატი მართლაც ფერადი იყო, ფანქარი კი მხოლოდ ერთი ეჭირა ხელში.
ეს ამბავი ვახუშტიმ წამსვე ყველას გვამცნო და საბუთად ნახატი გვიჩვენა.
- აბა, მათხოვე ერთი, მეცა ვცადო! - ვთხოვე ვახუშტის და ფანქრის გამოსათმევად ხელი გავუწოდე.
ვახუშტიმ ფანქარი ზურგს უკან დამალა და მიპასუხა:
- არა! ვერ გათხოვებ! დამეხარჯება!
სხვამაც ბევრმა სთხოვა ვახუშტის ფანქარი, მაგრამ ის სულ ერთსა და იმავეს იმეორებდა, დამეხარჯება და დამეხარჯებაო.
ამის შემდეგ ვახუშტი ფანქარს ერთი წუთითაც კი არ იშორებდა, ის კი არა და, ღამეც გულში ჰქონდა ჩახუტებული. სხვებს ხომ არ აძლევდა და არ აძლევდა, თვითონაც აღარაფერს ხატავდა, დამეხარჯებაო, კვლავ თავისას გაიძახოდა.
ერთხელ ვახუშტიმ შეამჩნია, რომ ფანქარი თითქმის ორჯერ გაზრდილიყო.
- ახლა მაინც გვათხოვე! - ვეხვეწებოდით ჩვენ, მაგრამ პასუხად ისევ და ისევ უარს ვიღებდით.
ზაფხულამდე ფანქარი ისე გაიზარდა, რომ ვახუშტი იძულებული გახდა, თოფივით მხარზე გადებული ეტარებინა. მისი სიმძიმის ქვეშ წელში ოთხად მოკაკვული წავიდა ვახუშტი აგარაკზე.
როდესაც აგარაკიდან კვლავ ქალაქში დაბრუნდა, ვახუშტიმ იფიქრა, ვნახავ ერთი, როგორ ხატავს ჩემი ჯადოსნური ფანქარიო, იფიქრა და თვითმფრინავის დახატვა დააპირა, მაგრამ... ფანქარს ძვრაც ვერ უყო.
მთელი შემოდგომა ფანქარი ვახუშტის აივანზე იდო, რადგანაც ოთახში ვეღარ ეტეოდა, და სულ იზრდებოდა და იზრდებოდა.
დადგა ზამთარი და ფანქარს უკვე აივანზეც ევიწროებოდა.
მოიყვანა ვახუშტის მამამ ქარხნიდან დიდი მანქანა მაღალი ამწეთი და გოლიათი ფანქარი აივნიდან ეზოში გადაატანინა, მერე კი, როდესაც მან უკვე ნახევარი ეზო დაიკავა და მეზობლები შეავიწროვა, მხერხავები დაიქირავა. დილიდან გვიან ღამემდე იმუშავეს მხერხავებმა, დახერხეს ფანქარი, დააპეს და ჩაზიდეს სარდაფში.
იმ ზამთარს ვახუშტის მამას შეშის ყიდვა აღარ დასჭირვებია.
კვლავ დადგა გაზაფხული.
ერთ მშვენიერ დღეს ვახუშტიმ იგრძნო, რომ ხატვა ძალიან მონატრებოდა. იმ დროისათვის მას თავისი ჯადოსნური ფანქარი აღარც კი ახსოვდა და ჩვეულებრივ ფანქრებს მოკიდა ხელი, მოჰკიდა და... თურმე არამცთუ ხატვა, ფანქრის სწორად დაჭერაც კი დავიწყებოდა.
- ეჰ, ვახუშტი, ვახუშტი, რა მხატვარი გაფუჭდი?!
- ვიძახდით მეზობლები და სინანულისაგან თავებს ვაქნევდით.