კატა და ვეფხვი
ერთხელ სოფლის განაპირას ერთი გლეხი ყანას ხნავდა. გლეხს კატაც თან წამოჰყოლოდა და ტყის პირას ჩიტებსა და კალიებზე ნადირობდა. უცბად ტყიდან ვეფხვი გამოვარდა, დაინახა კატა და გაკვირვებულმა ჰკითხა:
- შენ, ძამიავ, როგორც ვატყობ, ჩემი მოდგმისა უნდა იყო და რა უბედურება დაგმართნია, რომ ასე დაპატარავებულხარო?
- ეჰ, ძმაო, - უთხრა კატამ, - შენ რომ ჩემს ბატონს იცნობდე, მაგას აღარ შემეკითხებოდიო.
- მერე და, ვინ არის შენი ბატონიო?
- ადამიანიო.
- აბა, ერთი დამანახვე და შენი დაჩაგვრისათვის სამაგიეროს მე გადავუხდიო, - დაიღრინა ვეფხვმა.
- არ გირჩევ, - უთხრა კატამ, - მოგერევაო.
მაგრამ ვეფხვმა არ დაიშალა და კატაც გაუძღვა, მიიყვანა თავის პატრონთან და უთხრა: - აი, ეს არის ჩემი ბატონიო.
ვეფხვი გადაუდგა გუთნეულს წინ და კაცს შეუტია:
- შენ, ეი, ადამიანი ხარ თუ ვიღაც ოხერი, ეს ჩემი მოდგმა-ჯილაგი ასე რატომ დაგიჩაგრავს, ან პასუხი აგე, ან შემბრძოლეო.
- კარგი, ვიბრძოლოთო, - უპასუხა გლეხმა, - მაგრამ მე ღონე შინ დავტოვე, წავალ, მოვიტან და ბატონი ბრძანდებიო.
ვეფხვი დათანხმდა, - ოღონდ ჩქარა მოდი, არ დაიგვიანოო, - გააფრთხილა.
გლეხმა უთხრა:
- მეშინია, ვაითუ შეგეშინდეს, ჩემს მოსვლამდე ტყეში გაიქცე და სოფელში ჩასვლა-ამოსვლამ ტყუილად ჩამიარო. მოდი, ასე ვქნათ, რომ არ გამექცე, ამ ხეზე თოკით მიგაბამ, ამოვიტან ჩემს ღონეს, ისევ აგიშვებ და ვიბრძოლოთო.
ვეფხვი ამაზეც დათანხმდა, გლეხმა გუთნეულს საყევრის ჯამბარა ახსნა და ვეფხვი ხეზე მიაკრა. თვითონ ისევ ტყეში შევიდა, მოსჭრა ჯაგრცხილის ხორკლიანი სახრე, გამოიტანა და გადაუჭირა და გადაუჭირა ვეფხვს, - აი, ჩემი ძალა და ღონეო!
ვეფხვი ტკივილისაგან სულ მაღლა-მაღლა ხტოდა და შესაბრალისად ღმუოდა, მაგრამ გლეხი შეუბრალებლად ურტყამდა. ბოლოს მთლიანად რომ მიასავათა, აუშვა და უთხრა:
- არა მკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო! წადი და ამის შემდეგ იცოდე, სადაც არ გეკითხებოდნენ, იქ ნუ წაიჩხირებიო.
ნაცემ-ნაბეგვი ვეფხვი ლასლასით გაუდგა გზას და კატას მიაძახა:
- ბარაქალა, ძმაო, შენს ვაჟკაცობას, რომ ასეთი ბატონის ხელში ეგ ტანიც შეგრჩენიაო.
ჭირი - იქა, ლხინი - აქა,
ქატო - იქა, ფქვილი - აქა.