ლომი და კურდღელი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი ავი და ბრაზიანი ლომი. როცა მოშივდებოდა, იმის მრისხანებას საზღვარი აღარ ჰქონდა - დაერეოდა მხეცებს და სულ მუსრს ავლებდა.
იმ არემარის მხეცები ძალიან წუხდნენ, მაგრამ საშველი არ ჩანდა. ბოლოს, მეტისმეტად რომ გაუჭირდათ, ერთად შეიკრიბნენ და ბჭობა გამართეს, - რა ვქნათ, რით გადავურჩეთ ლომის თავგასულობასაო. ბევრი სჯა-ბაასის შემდეგ ასე გადაწყვიტეს: დავუნიშნოთ ლომს სამუდამო სარჩო, ჩვენ თვითონვე მივართვათ და ვთხოვოთ, რომ ჩამოგვეხსნას და ყოველდღე ნუღარ დაგვაწიოკებსო.
წავიდნენ და თავიანთი გადაწყვეტილება ლომს მოახსენეს. თან ისიც უთხრეს, თუ ასე არ მოიქცევი, ავდგებით და სულ სხვა მხარეს გადავიხვეწებითო. ლომი დათანხმდა, მაგრამ გააფრთხილა კი, - იცოდეთ, ერთი წუთითაც რომ დამიგვიანოთ საჭმლის მოტანა, დაგეცემით და სულერთიანად ამოგჟლეტთო.
ამ დღიდან იმ არემარეში მყუდროება ჩამოვარდა.მხეცებს ყოველდღე სათითაოდ მიჰყავდათ თითი ცხოველი ლომთან და ლომიც აღარ მძვინვარებდა. ბოლოს ჯერი კურდღელზე მიდგა - ან რომელიმე მხეცი უნდა მიეყვანა ლომისთვის, ან თვითონ უნდა მისულიყო, და რაკი არავისი მიყვანა არ შეეძლო, ადგა და ისევ თვითონ წავიდა.
მხეცებს შეებრალათ სუსტი და უმწეო კურდღელი და გულისტივილით გააცილეს. კურდღელს კი შიშისა არაფერი ემჩნეოდა.
- ნუ დარდობთ, ძმებო და მეგობრებო, - უთხრა წასვლისას მხეცებს. - ლომს ისეთ ოინს ვუზამ, რომ მეც გადავრჩები და თქვენც სამუდამოდ ჩამოგაშორებთო.
მხეცებს გაუკვირდათ, ამ სუსტმა და მშიშარამ ლომს რა უნდა უყოსო, მაგრამ კურდღელი მაინც თავისას გაიძახოდა, - ისე მოვსპობ, რომ დღეიდან იმისი სახსენებელიც აღარ იყოსო.
ლომს შიოდა და სარჩოს მოსვლას კბილებაკაწკაწებული მოელოდა, მაგრამ კურდღელი ლომის ბუნაგს დილამდე არ გაჰკარებია. განრისხებული ლომი ის იყო, ბუნაგიდან გამოსვლას და მხეცების დასასჯელად წასვლას აპირებდა, რომ ამ დროს კურდღელიც მიცუნცულდა, ჩამოჯდა შორიახლო და თავმდაბლად მიესალმა.
ლომმა მრისხანედ შეხედა და შეუტია:
- სადა ხარ აქამდე, შე ელამო ელმის შვილო, რატომ წუხელვე არ მოეხირეო?
- დიდო ბატონო, - კრძალვით მოახსენა კურდღელმა, - თქვენთან ერთი მსუქანი კურდღელი მომყავდა, მაგრამ გზაზე სხვა ლომი შემომხვდა, ის კურდღელიც წამართვა და მეც ძლივს გადავურჩი ცოცხალიო.
- რაო? ლომი შეგხვდაო? - აღშფოთდა უზომოდ ლომი, - ვინ გაბედა ჩემს საბრძანებელში შემოსვლა, ახლავე წამიყვანე და მაჩვენეო!
- აქვე ახლოს ჭაში ზისო, - უთხრა კურდღელმა.
- აბა წამიყვანე და გაყურებინებ იმის სეირსო! - დაიგრგვინა ლომმა.
გაუძღვა კურდღელი ლომს, მიიყვანა ჭასთან და უთხრა:
- აი, ბატონო, ამ ჭაში ზის, მაგრამ მეშინია, მარტო ვერ ჩავიხედავ, შენ ამიყვანე და ერთად ჩავიხედოთო.
აიყვანა ლომმა კურდღელი და ჩაიხედა ჭაში. ჭის ფსკერზე ფაფარაყრილი ლომი დაინახა, რომელსაც თათებში კურდღელი ეჭირა. ლომი ვერ მიხვდა, რომ ჭის გამჭვირვალე წყალში არეკლილი მისივე საკუთარი გამოსახულება ჩანდა, ეგონა, ჩემ საბრძანებელში მართლაც შემოჭრილა უცხო ლომი და ჩემთვის განკუთვნილი ულუფა მიუსაკუთრებიაო, და მთლად ცეცხლი მოეკიდა. კურდღელს იმავ წამს თათი უშვა და კბილებდაკრეჭილი ჭაში თავდაყირა გადაეშვა. მაგრამ იქ არც ლომი დახვდა, არც ნადავლი კურდღელი და თვითონ კი დაიხრჩო.
გაიგეს მხეცებმა ეს ამბავი და კურდღელს დიდი მადლობა გადაუხადეს.
ჭირი - იქა, ლხინი - აქა.
ქატო - იქა, ფქვილი - აქა.